თამაზ ავალიანი - შავ-თეთრი სიცოცხლე

April 23 -  20:00

თამაზ ავალიანი მსოფლიოში ერთადერთი გრაფიკული არტისტია რომელიც ბრწყინვალე ოსტატობით ქმნის უნიკალურ ნამუშევრებს , ჩვეულებრივი შავი ფერის კალმის გამოყენებით.
შავი ფერი - არსით „უფერო ფერი“: შთანთქავს აბსოლუტურად ყველა ფერს და ამყოფებს მათ გარე სამყაროში. შავი ფერი პარადოქსულია: ის ასოცირდება უსასრულობასთან, მდუმარებასთან, აღვიძებს მისტიურობის, უსაფრთხოებისა და კომფორტის განცდებს. ისაა სიმბოლო ელეგანტურობის, ვნებებისა და გულისთქმათა, ფიქრებისა და სიბრძნის, აღმატებულობისა და ძლიერების. იგი სავსეა იდუმალებითა და გამოცანებით, იზიდავს, გასცემს სიღრმისა და სიმძიმის განცდებს. შავი ფერი ადამიანის „ბრძოლაა“, რომლის „გადალახვითაც“ იგი ხედავს თუ რაოდენ ბევრია შავში თეთრი ფერი.


თამაზ ავალიანი 10 წელი ცხოვრობდა უკრაინაში, სადაც მისმა ნამუშევრებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. მხოლოდ 23 აპრილს თამაზ ავალიანი თავისი ახალი ნამუშევრების პრეზენტაციით ბრუნდება საქართველოში. გამოფენის შემდეგ იგი მიემგზავრება ჟენევაში საიდანაც იწყებს ევროპის ტურნეს, სადაც მისი ნახატები განთავსდება სხვადასხვა წამყვან საგამოფენო სივრცეებში.
თამაზ ავალიანის შავ - თეთრი ცხოვრების ანაბეჭდი იქნება მოგზაურება იმ იდუმალ, უსასრულო ქვეცნობიერში, რომელიც ყოველთვის თან ახლავს არტისტის ცხოვრებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, გამოფენაზე შემოსვლა შესაძლებელი იქნება წინასწარ შეთანხმებული სიებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ პირად შეტყობინებებში.
მისი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ ბმულებზე.

აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშთაიდის ბაღი